მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპის რეიტინგი უარესდება - რას აჩვენებს უახლესი გამოკითხვები

აშშ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი აჩვენებს, რას ფიქრობენ ამერიკელები მის საქმიანობაზე. გასულ კვირებში ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებისა და საფონდო ბირჟებზე წარმოქმნილი ქაოსის გამო, ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის რეიტინგი უარესდება.

ინაუგურაციიდან ორი თვის განმავლობაში ტრამპის მოწონების რეიტინგი სტაბილურ ნიშნულზე რჩებოდა და, პრეზიდენტობის ორივე ვადის გათვალისწინებით, პერსონალურ რეკორდსაც კი მიაღწია. მესამე თვიდან, როცა სავაჭრო ომი გამწვავდა და რეცესიის რისკი გაჩნდა, ამერიკელი საზოგადოების აზრიც შეიცვალა.

მაგალითად, HarrisX-ის გამოკითხვით, ტრამპის მოწონების რეიტინგი შემცირდა, თუმცა გამოკითხულთა 48% მის საქმიანობას კვლავ დადებითად აფასებს, 46% კი - უარყოფითად. ამავე დროს, 49%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, 39% კი მიიჩნევს, რომ აშშ სწორ გზაზეა. ამასთან, გამოკითხულთა 45%-მა აღნიშნა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა უარესდება, 32%-სთვის უმჯობესდება, 23%-სთვის კი უცვლელია. ტარიფების ეფექტურობაზე გამოკითხულთა აზრი ორად გაიყო: 49%-სთვის ტარიფები ეფექტური მექანიზმია, 51%-სთვის კი - არა.

კვინპიაკის უნივერსიტეტის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ ტარიფები აშშ-ის ეკონომიკას მოკლევადიან პერსპექტივაში ავნებს, 53% კი მიიჩნევს, რომ საზიანო ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაშიც გამოვლინდება. 41% მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ტარიფები აშშ-სთვის სასარგებლო იქნება.

რაც შეეხება თავად ტრამპს, Rasmussen Reports-ის ყოველდღიური გამოკითხვით, ინაუგურაციის შემდეგ მისი მოწონების რეიტინგი სტაბილურად აღემატებოდა 50%-ს, 3 აპრილიდან, უნივერსალური ტარიფების გამოცხადების დღიდან, შემცირება დაიწყო. ამჟამად დონალდ ტრამპის საქმიანობას უარყოფითად 51% აფასებს, დადებითად - 47%.

Harvard CAPS/Harris poll-ის თანახმად, ტრამპის მოწონების რეიტინგი ერთ თვეში 52%-დან 49%-მდე შემცირდა, თუმცა ის კვლავ აღემატება უარყოფით შეფასებას, რაც გამოკითხულთა 46%-მა დააფიქსირა. იმავე კომპანიის კვლევით, გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ ტრამპი უკეთესი პრეზიდენტია, ვიდრე ბაიდენი იყო - ეს მაჩვენებელი მარტის შემდეგ 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

Reuters/Ipsos-ის კვლევით, ტრამპის მოწონების რეიტინგი ორ კვირაში 3 პროცენტული პუნქტით, 45%-დან 42%-მდე შემცირდა.

მაღალ შეფასებას იმსახურებს ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელსაც დადებითად გამოკითხულთა 48% აფასებს, უარყოფითად კი - 44%. ამასთან, ტრამპის რუსეთისადმი მიდგომას გამოკითხულთა 48% არ ეთანხმება, უკრაინისადმი მიდგომას კი - 46%.

დონალდ ტრამპის შეფასება ყოველდღიურად იცვლება, სხვადასხვა ორგანიზაცია კი მონაცემების დასათვლელად განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებს. მასალაში მოცემული რიცხვები 2025 წლის 14 აპრილის მონაცემებს ეფუძნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები

OSZAR »