26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა "ჯორჯიან ეარვეისის" VIP ბორტი 4L-TGB, Bombardier CRJ. აღნიშნული ხომალდი რეგულარულად გამოიყენება საქართველოს მთავრობის ვიზიტებისთვის, კომპანია მას ასევე სხვადასხვა კლიენტებზეც აქირავებს.
დღეს სასამართლო სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ის სწორედ "ჯორჯიან ეარვეისის" Bombardier-ის მეშვეობით ჩამოიყვანეს. მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩიაშვილი აბუ დაბიში, სასტუმროში დააკავეს.
"შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს და ორი დღე თვალახვეული მატარეს. ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის, ოჯახის წევრის დალაპარაკების გარეშე, ყველა წესის დარღვევით. შემდგომ, მოტაცებული პირდაპირ ჩამტენეს "აირზენას" ბომბარდიერის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში,"- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ქართულ ხომალდს ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო, შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია, რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი. დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად უცნობია თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი.
BMG ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ კერძო შეკვეთებისთვის მსურველები მათ ბორტს ყოველდღე ქირაობენ, პერსონალურ მონაცემებს კი, მგზავრების შესახებ არ გასცემენ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რადგან ბაჩიაშვილის მონათხრობი არ ასახავს სამგზავრო მომსახურებას და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ხომ არ სურთ დამატებითი კომენტარის გაკეთება, ან უარყოფა, გვითხრეს, რომ დამატებით ვერაფერს გვეტყვიან.
"კერძო ბორტს ყოველდღე ქირაობენ ადამიანები. დამატებითი ინფორმაცია პერსონალური მონაცემებია და ვერაფერს გეტყვით, ვერც კომენტარს გავაკეთებთ.
რაც შეეხება ჩვენს სამთავრობო თვითმფრინავს, ბორტი ტექნიკური შემოწმებისთვის დიდი ხანია საზღვარგარეთაა და არ ემსახურება მგზავრებს", - განაცხადეს "ჯორჯიან ეარვეისში".