მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[ბოლო მოვლენების] გამო პროფესიულმა განათლებამ ევროკავშირის ახალი პროგრამა დაკარგა - თამარ ქიტიაშვილი

11

რას კარგავს ქართული განათლების სისტემა ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხების ფონზე? - ამ კითხვას უნარების განვითარების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, თამარ ქიტიაშვილი BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში პასუხობს.

როგორც ის აღნიშნავს, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში ევროკავშირს წლების განმავლობაში უზარმაზარი რესურსი აქვს ჩადებული, რაც, ბოლო მოვლენების ფონზე, შემცირებულია.

"ევროკავშირმა საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმის მხარდაჭერა 2008 წლიდან დაიწყო და წარმოუდგენლად დიდი რესურსი ჩადო ამაში, როგორც ინვესტიციის და საბიუჯეტო პროგრამების სახით, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერითაც, ვინაიდან, რეფორმის ის მიღწევები, რომლებიც ყველა მთავრობის პირობებში მინისტრების სწრაფი ცვლილების ფონზე დარგს მაინც ჰქონდა, სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით იყო განპირობებული. იყო ინდიკატორების ჩამონათვალი, რომლებსაც ებმოდა საბიუჯეტო ტრანშები, რაც განაპირობებდა წნეხს ფინანსთა სამინისტროსგან სხვა სამინისტროებზე და რეფორმაც წინ მიდიოდა. ევროკავშირი მუდმივად ეხმარებოდა ქვეყანას სხვადასხვა ინსტრუმენტით, ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამებით, ევროპის განათლების ფონდის ინტერვენციებით... ეს პროცესი უწყვეტად მიდიოდა" - ამბობს თამარ ქიტიაშვილი.

BMG-ს ეთერში უნარების სააგენტოს ყოფილი დირექტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქვეყანამ ბევრი შესაძლებლობა დაკარგა.

"ამ მოვლენების გამო პროფესიულმა განათლებამ დაკარგა ევროკავშირის ახალი პროგრამა, რომელიც დაგეგმარებაში იყო და ახლა საერთოდ გაჩერდა. უნარების სააგენტომ დაკარგა "ტვინინგის" პროგრამა, რომლისთვისაც უკვე ცხადდებოდა ტენდერი და დღეს შეჩერებულია. ძალიან ბევრი პროექტი თუ სამომავლო პერსპექტივა, რომელიც დაეხმარებოდა ქვეყანას ევროინტეგრაციაში, სამწუხაროდ, ან შემცირდა და შეიკვეცა, ან საერთოდ შეჩერდა.

ჩემი გამოცდილებით, ის მოლაპარაკებები, რაც გვქონდა ევროპელ პარტნიორებთან Erasmus-ის პროგრამის ფარგლებში, ძალიან ბევრი მათგანი ჩაიშალა. ჩვენ ჩაგვხსნეს კონსორციუმებიდან იმის შიშით, რომ შესაძლოა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი დაეკარგა, ან რამე ფორმით დაძაბულობა გაღრმავებულიყო და პროექტს საფრთხე შეჰქმნოდა. ხშირად ეს არარაციონალური შიშები იყო ხოლმე, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, შედეგი დადგა, რომ ქვეყანამ ძალიან ბევრი ასეთი შესაძლებლობა, სამწუხაროდ, დაკარგა", - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები

OSZAR »