დღეის მდგომარეობით, "ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში" 45 კომპანია ოპერირებს, ხოლო უახლოეს პერიოდში თიზ-ში საწარმოების გახსნას კიდევ რამდენიმე კომპანია გეგმავს. როგორც "საქმის კურსს" "ქუთაისის თიზის" გენერალურმა დირექტორმა, სოსო ნიბლაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სპირტის მწარმოებელი ქარხნის დანადგარების ინსტალაცია, რაზეც ესპანური კომპანია 5 მილიონ დოლარს დახარჯავს. მიმდინარეობს ასევე სატვირთო ავტომობილების ფილტრების წარმოებაც, რაშიც ეგვიპტური კომპანია მილიონ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებს. უახლოეს პერიოდში გაფორმდება ასევე კონტრაქტი ქართულ კომპანიასთან, რომელიც ქუთაისში სამშენებლო მასალების საწარმოს გახსნას გეგმავს. აზერბაიჯანული მხარეა დაინტერესებული ასევე ალმატურის წარმოებით, რაზეც სავარაუდოდ მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება.
"დაახლოებით 45 კომპანია უკვე მუშაობს. ველით კიდევ ერთ ახალ პროექტს სპირტის წარმოების მიმართულებით. ამ დროისთვის თიზის 30%-მდე უკვე დატვირთულია. გვაქვს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი. ეს არის სილიციუმის ქარხანა, რომლის განხორციელებაზე ჩინური ინვესტიციით რამდენიმე მილიონი დოლარი დაიხარჯება", -აცხადებს სოსო ნიბლაძე.
"ჰუალინგის ქუთაისის ინდუსტრიული ზონა’’ 2015 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ინვესტორი "ჰუალინგ ჯგუფი’’ ადგილზე 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.